ფესტივალს RADIX-იც შეუერთდა…
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პატარები ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ მზიურში მზესთან ერთად ხვდებიან. რაც მთავარია, მზე არ არის ერთი, ყველას თავისი მზე ჰყავს, ამ დღეს ყველა მზედაა ქცეული. მზიურში იმდენი მზეა, რამდენ ადამიანსაც მოჰკრავთ თვალს. დიდი და პატარა, ყველა მზედ გახდომას ცდილობს.
2010 წელს მზის ფესტივალმა ,,ჩვენ ვხედავთ მზეს!“ მეხუთე საიუბილეო წელი იზეიმა. მეხუთედ იქცა ნოდარ დუმბაძის სურვილი რეალობად და მზიური ნამდვილ ოცნების ქალაქს დაემსგავსა. სურვილების ასრულებას თავისი ჯინიც ესაჭიროება, რომელიც ბავშვებს ანა გოგუაძის სახით მოევლინა. ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფესტივალს და რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მზიური ერთი დღით მაინც ოცნებების ასრულების ქალაქად იქცეს.
წლევანდელი ზეიმი ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა: უდედმამო და ინვალიდ ბავშვთა საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და ზრუნვას ბავშვთა ქალაქ ,,მზიურზე“ ისე, რომ ის იქცეს ნოდარ დუმბაძის ოცნებაში წარმოდგენილ ადგილად. აღნიშნული მიზნების შესრულება 2010 წლის მზის ფესტივალისათვის უზრუნველყვეს: ქალაქ თბილისის მერიამ, სამეცნიერო – კვლევით ცენტრ RADIX – მა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, რადიო “ფორტუნას” ჰოლდინგმა, ფოტოკლუბმა ,,graf.ge” – მ და თურქულმა რესტორანმა ,,ანკარამ“.
ფესტივალის ერთ – ერთი მთავარი მიზნის, უდედმამო და ინვალიდ ბავშვთა საზოგადოებასთან ინტეგრაციისათვის, მოხდა კოჯრის ბავშვთა სახლიდან 50 ბავშვის ჩამოყვანა, რომელთაც RADIX – ის ოფიციალურმა ლექტორებმა – ნინო გვასალიამ და ლანდა ლურსმანაშვილმა ჩაუტარეს სემინარი ჰიგიენური მოვლის საშუალებებზე. კომპანია ,,ქოლგეით პალმოლივმა“ ყველას გადასცა კბილის ჯაგრისები, პასტები და სხვადასხვა საჩუქრები. სემინარის მხარდამჭერი იყო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია. ბავშვების კვება უზრუნველჰყო თურქულმა რესტორანმა ,,ანკარამ“, შემდეგ კი ბავშვები ბავშვთა ქალაქ მზიურს ეწვივნენ, სადაც მათ მთავარი სურპრიზი ელოდათ. რადიო ,,ფორტუნა“ ჰოლდინგმა კოჯრის ბავშვთა სახლს საჩუქრად გადასცა მუსიკალური ცენტრი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ – საინტერესეო საბავშვო წიგნები.
ბავშვების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდნენ ჯამბაზები და თოჯინა მზე, SOS ბავშვთა სოფლის ,,მხიარული ავტობუსი“, მოეწყო სხვადასხვა სახის შეჯიბრებები ბავშვებს შორის, გამარჯვებულებს კი გადაეცათ სამახსოვრო პრიზები, ფოტოკლუბმა ,,graf.ge” – მ წარმოადგინა ღია გამოფენა სახელწოდებით ,,ბავშვთა ქალაქი“, სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს ნახატების გამოფენა თემაზე ,,მზიური ბავშვთა ქალაქი“.
ბავშვებმა ფერადი ცარცებით მოხატეს მზიურის ტერიტორია, დღის ბოლოს ბავშვების გამხიარულებაზე იზრუნეს ,,ანა – ბანას“ ბავშვებმა.