შეხვედრა პოეტ ვახტანგ ჯავახაძესთან

2010 წლის 11 მაისს, სამეცნიერო – კვლევით ცენტრ RADIX-ის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, მოეწყო შეხვედრა პოეტ ვახტანგ ჯავახაძესთან.

შეხვედრა გაიმართა ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუმინეთის აუდიტორიაში. პოეტმა ისაუბრა თავისი ბავშვობის წლებზე, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდზე, გაიხსენა უნივერსიტეტის რექტორი ნიკო კეცხოველი, რომელმაც თავად გამოსცადა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლის მსურველები და მათი რიცხვი ოცდახუთიდან თორმეტამდე დაიყვანა. მათ შორის იყო ვახტანგ ჯავახაძეც.

ვახტანგ ჯავახაძეს ძალიან საინტერესო პიროვნებებთან ერთად მოუწია სწავლა, რომელთა შორისაც იყვნენ: გივი გეგეჭკორი, ტარიელ ჭანტურია, ოთარ ჭილაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზაურ ბოლქვაძე, რევაზ ინანიშვილი. სწორედ ამიტომ ჟურნალისტების ამ ჯგუფს პოეტების ჯგუფსაც ეძახდნენ.

შემდეგ იყო უკვე გამომცემლობა ,,სახელგამი“, სადაც ვახტანგ ჯავახაძე მხატვრული ლიტერატურის რედაქციის რედაქტორად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში შეხვდა იგი XX საუკუნის ლიტერატურის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი გალაკტიონ ტაბიძეს ეკავა.

შეხვედრის ბოლოს პოეტმა აღნიშნა: ,,ბევრი ვისაუბრე გალაკტიონზე და ბოლოს ცოტა ჩემი შემოქმედებაც შემოგთავზეთ“. ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს მისი ეს ნათქვამი. მისთვის ხომ გალაკტიონი ქართული პოეზიის სიმბოლოა.

პოეტმა ისაუბრა გალაკტიონისა და ,,ცისფერყანწელების“ ურთიერთობის შესახებ. იმ დაპირისპირებაზე, რომელიც წარმოიშვა მათ შორის ჯერ კიდევ ქუთაისში მოღვაწეობის დროს. გაიხსენეა მიხეილ ჯავახიშვილისა და გალაკტიონის ურთიერთობა და ,,უცნობის“ შექმნის ისტორია, რომლის დაწერაც იმ მდიდარმა არქივმა შთააგონა, რომელიც ინახებოდა ლიტერატურის მუზეუმში და რომლის შესახებაც, ნაკლებად იყო ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის.

ვახტანგ ჯავახაძემ ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი ქართული პოეზიის მნიშვნელობაზე მსოფლიო პოეზიაში. ქართული პოეზია მისი თქმით, ის ერთადერთი სფეროა, რომლითაც ქართველებს ნამდვილად გვაქვს საამაყო.

შეხვედრის ბოლოს დამსწრეთა სახეები უცებ შეიცვალა, თვალები აუციმციმდათ, გამხიარულდნენ, გამოცოცხლდნენ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ დროს პოეტი საკუთარი ლექსების კითხვს დაიწყებდა.

გადაწყდა, რომ RADIX-ის ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები და საუბრები ქართულ ხელოვნებაზე სისტემატურ სახეს მიიღებს.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>