2024 წელს თბილისის მე-13 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე შეთავაზებული იქნება სტომატოლოგიური კონფერენციების მომავალი ფორმატი, რომელსაც სამეცნიერო ქსელი „რადიქსი“ გამართავს. რადიქსის გუნდს აქვს ამბიცია, მოახდინოს ტრადიციული სამეცნიერო კონფერენციების რეფორმატირება და ნოვაციური მოდელი წარუდგინოს კოლეგებს – შექმნას დინამიური და ინტერაქტიული პლატფორმა სტომატოლოგიაში.
სამეცნიერო მოხსენებების ჩვეულებრივი მიდგომის ნაცვლად, კონგრესი ჩატარდება ზედმიწევნით სტრუქტურირებული სესიების ფორმატით, თითოეული სესია (პლენუმი) მასპინძლობს 3-4 გამორჩეულ მომხსენებელს და ექსპერტ მოდერატორს. ეს ფორმატი ხელს უწყობს უფრო ფოკუსირებული და მიმზიდველი გარემოს შექმნას, ყოველი სესია კი მორგებული იქნება სტომატოლოგიური საზოგადოების სპეციფიკურ ინტერესთა ჯგუფებზე.
წელს კონგრესი სამ ნაწილად გაიყოფა, 17,18 მაისი სამეცნიერო მოხსენებებს დაეთმობა, ხოლო 19 მაისს მოწვეული სპიკერები მასტერკლასებს შემოგთავაზებენ.
სამეცნიერო პროგრამის ნაწილში წარმოდგენილი სესიები
17 მაისი
Gums & Beyond: Exploring the Frontiers of Periodontics
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში პაროდონტოლოგიის დარგი საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა. ინფორმაციაზე წვდომამ და თანამედროვე გაიდლაინების ჩვენს პრაქტიკაში ინტეგრაციამ შეცვალა დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმვისა და უშუალოდ მკურნალობის მეთოდები. სექციაში წარმოდგენილი სპიკერები კლინიკური ქეისების მენეჯმენტის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ.
Navigating the Future: Digitalization in Dental Practice Management
მედიცინის გაციფრულება შეუქცევადი პროცესია. მზარდი რეგულირების ტენდენციის ფონზე, რუტინული ადმინისტრაციული საქმიანობის გაიოლება და შემცირება ყველა კლინიკის ზრუნვის საგანია. სექციაში წარმოდგენილი იქნება ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიები, რომლებსაც ამ სერვისის მოწოდება შეუძლიათ სტომატოლოგიური კლინიკებისთვის.
Community and Oral Health: Exploring Public Health Dentistry
პანდემიამ გამოააშკარავა ინფორმაციული ვაკუუმი მეცნიერების მიღწევებსა და რიგით მოაქალაქეებს შორის. სექციაში განხილული იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციები, რომლებიც გავლენას ახდენს სტომატოლოგიურ პრაქტიკაზე, სტომატოლოგიური რეგულაციები, რომლებიც კლინიკების საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, სამეცნიერო მიგნებები, რომლებიც სტომატოლოგების, როგორც მედიცინის მეცნიერების წარმომადგენლების ცნობიერების ნაწილი უნდა იყოს.
18 მაისი
The Art and Science of Endodontics: A Deep Dive into ENDO
სექციაში განხილული იქნება ენდოდონტიურ პრაქტიკაში არსებული სირთულეები, ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი მენეჯმენტი. რას სთავაზობს დღევანდელი ინდუსტრია პრაქტიკოს ექიმს.
Leadership and Strategy: Advanced Management Techniques in Dentistry
ადამიანური რესურსების მართვა, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, შრომის უსაფრთხოება, სამედიცინო ნარჩენების მართვა, ხარისხის კონტროლი, იმუნიზაცია, სკრინინგი, მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტები, ფინანსური მოთხოვნები, რადიაციული უსაფრთხოება – ეს იმ არასტომატოლოგიური მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რაზე ზუნვაც ყველა კლინიკას უწევს ან მომავალში მოუწევს. სესიაზე წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები, რომლებიც კლინიკებს ამ სერვისს სთავაზობენ.
Crafting Smiles: The Cutting-Edge of Prosthetic Dentistry
ქართველი სპეციალისტების კლინიკური შედეგები უცხოელი კოლეგების მიღწევებს არ ჩამორჩება, თუმცა რთული, კომპლექსური პაციენტების მართვა, მკურნალობა თუ დაგეგმარება ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. რა მონაცემების შეკრებაა აუცილებელი სრულყოფილი ანამნეზისათვის, რა როლი აქვს სატექნიკო ლაბორატორიას, ორტოდონტსა თუ ორთოპედ სტომატოლოგს რა სახის კომუნიკაციის პრობლემების შეიძლება შევეჩეხოთ და როგორ აისახება ეს ყველაფერი საბოლოო შედეგზე?!
პრაქტიკული კურსები
19 მაისი
ლეონიდ ემდიმი
თემა: ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ყბა-კბილთა სისტემისა და საფეთქველ-ქვედა ყბის სახსრის მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის დიაგნოსტიკის მონაცემების მოპოვება.
მარკ კალოუსტიანი
თემა: ძლიერ მოხრილი ფესვების არხთა სისტემის უსაფრთხო და პროგნოზირებადი მექანიკური დამუშავება EndoStar E3 Azure-ს გამოყენებით

+995 598 951 189
