ძვირფასო კოლეგებო,
ჩემთვს დიდი პატივია, გაგაცნოთ რადიქსის წევრების ვიზიტი ლიტვის საერთაშორისო კონგრესზე.
ნებისმიერი პრაქტიკოსი ექიმისთვის საამაყოა, როცა უცხო ქვეყნის საერთაშორისო კონგრესზე იღებს მოწვევას, რათა საკუთარი გამოცდილება თუ ცოდნა გაუზიაროს სხვა ქვეყნის ექიმებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს. 2013 წელს მსგავსი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა გვერგო წილად რადიქსის გამგეობის წევრებს: ზურაბ ალხანიშვილს, ნინო გვასალიასა და გვანცა ტაბაღუას. ორგანიზაციის 3 წევრი მიწვეული იქნა ლიტვის IV საერთაშორისო კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპიკერები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, ირლანდია, მონღოლეთი და საქართველო.
მიუხედავად არაერთ ადგილობრივ კონგრესსა თუ კონფერენციაში მონაწილეობისა, განცდები საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობის თაობაზე, თავიდანვე ემოციებით სავსე იყო, თუმცა ლიტვაში ჩვენმა ვიზიტმა მოლოდინის ყოველ ზღვარს გადააჭარბა. დასაწყისშივე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონგრესის ორგანიზატორსა და ჩვენს მასპინძლებს გინტარას იანუზისა და არუნას ტურსას კარგად ორგანიზებული კონგრესისთვის, თბილი დახვედრისა და არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის.
კონგრესი ჩატარდა ლიტვის უმშვენიერეს ქალაქსა და სპა-ცენტრ დრუსკინიკაიში, 31 მაისი – 1 ივნისი. კონგრესი დაყოფილი იყო თემატიკის მიხედვით და პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა საკონფერენციო დარბაზებში. კონგრესში მონაწილეობას იღებდა 2000-მდე სხვადასხვა სპეციალობის ექიმი-სტომატოლოგი, რომლებიც სურვილის მიხედვით ესწრებოდნენ მათთვის სასურველ თემატიკას, ხოლო სასტუმროში დაბინავებულ მონაწილე სტუმრებს შეეძლოთ, საკუთარი ნომრიდან პირდაპირი ეთერის საშუალებით მოესმინათ მათთვის საინტერესო მოხსენება. კონგრესის თემატიკა იყო “Dentistry for Human Health”. ქართული დელეგაციის მოხსენებები ეხებოდა შემდეგ თემებს: გვანცა ტაბაღუა – „სტომატოლოგიური მკურნალობის მენეჯმენტი ორსულ პაციენტებში“, ზურაბ ალხანიშვილი – „სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში“, ნინო გვასალია – „შიშის ფენომენი – სტომატოლოგთან ვიზიტის უარყოფა“.
მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი დელეგაციის მოხსენებებმა წარმატებით ჩაიარა და მსმენელი აუდიტორიის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურება.
კონგრესის პარალელურად მიმდინარეობდა სტომატოლოგიური მასალებისა და ტექნიკის გამოფენა-გაყიდვა. კონგრესი 1 ივნისს საზეიმოდ დაიხურა და კონგრესის მონაწილეებს შეეძლოთ, 2 დღიანი შვებულება მოეწყოთ ლიტვის ამ უმშვენიერეს ქალაქში.
ქართველ დელეგატებს ძალიან გაგვიმართლა და ლიტვაში მოგვიხდა 7 დაუვიწყარი დღის გატარება. კონგრესის დახურვის შემდეგ ჩვენი სტუმართმოყვარე მასპინძლების წყალობით, ძალიან კარგად გავიცანით ქალაქი დრუსკინინკაი, დავაგემოვნეთ ადგილობრივი, არაერთი ბუნებრივი მინერალური წყალი, ვეწვიეთ ქალაქში შექმნილ ხელოვნურ ზამთრის კურორტს, არაჩვეულებრივი სათხილამურო ტრასებითა და მყუდრო ლიტვური გარემოთი. ფანტასტიკური ტემპერატურის გამო, მოგვეცა შესაძლებლობა, გვესარგებლა დრუსკინინკაის აკვაცენტრით და გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ აქ მიღებული ემოციები და მოგონებები გამყვება ძალიან დიდ ხანს. (პირველად ვეწვიეთ თურქულ და ეგვიპტურ საუნას, ნებყოფლობით მოვყევით ჯუნგლების შტორმსა და ატლანტიდის წვიმაში, ვიწექით ბერძნულ ცხელ ქვებზე და მივიღეთ არაჩვეულებრივი მზის აბაზანები).
დრუსკინინკაიში გატარებული 2 დაუვიწყარი დღის შემდეგ, ორგანიზატორების ინიციატივით, გადავინაცვლეთ ლიტვის ერთ-ერთ ტიპურ, ულამაზეს სოფელში, სადაც ჩვენი მასპინძელი ოჯახის დიასახლისის დამსახურებით დავაცხვეთ უგემრიელესი ლიტვური პური, დავაგემოვნეთ ტრადიციული ლიტვური კერძები, სასმელი და მოეწყო კულტურული საღამო, სადაც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ეროვნულ სიმღერას და ცეკვას ასრულებდა. ერთმანეთს ეროვნული და კულტურული ღირებულებები გავუზიარეთ.
შემდეგი ჩვენი ვიზიტი ლიტვის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ კაუნასში განხორციელდა. კაუნასი ნამდვილად გამორჩეული ქალაქია თავისი ულამაზესი ხედებით, გემრიელი სამზარეულოთი და თბილი ხალხით. კაუნასში ყოფნის დროს მოვინახულეთ მედიცინის მუზეუმი და დავათვალიერეთ ქალაქის უძველესი ღირსშესანიშნაობები.
კაუნასის მონახულების შემდეგ, გადავინაცვლეთ ქალაქ ტრაკაიში. ვეწვიეთ ტრაკაის უძველეს ციხე-სიმაგრეს, რომელიც განთავსებულია ქალაქისგან გამოცალკევებულ კუნძულზე, ქალაქთან ხიდითაა დაკავშირებული და მისი განუმეორებელი სილამაზის გამო ქალაქი ყოველთვის სავსეა ტურისტებით.
ლიტვაში ჩვენი ბოლო დანიშნულების ადგილი იყო დედაქალაქი – ვილნიუსი. განსხვავებით ჩვენ მიერ მონახულებული სხვა ქალაქებისა, ვილნიუსი გამოირჩევა ცოცხალი ხმაურით, ცათამბჯენებით და თანამედროვე არქიტექტურით. მიუხედავად დროის სიმცირისა, მოვასწარით ფეხით შემოგვევლო ქალაქის სხვადასხვა უბნები, დავათვალიერეთ ღამის ვილნიუსი, მოვასწარით აეროპორტში ჩვენს რეისზე დაგვიანება და შეცდომით, ბიზნეს-კლასით მგზავრობაც : )
სამშობლოში დავბრუნდით ბალტიისპირეთზე შეყვარებულები, დახუნძლული უამრავი დადებითი ემოციითა და დაუვიწყარი მოგონებებით. ახლა უკვე ჩვენ ველოდებით სტუმრებს ლიტვიდან და ირლანდიიდან ჩვენს V საერთაშორისო კონგრესზე.
დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩვენს მასპინძლებს არაჩვეულებრივი, გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა იყო ეს ქვეყანა და დიდი წვლილი ამაში სწორედ ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებს გინტარას იანუზისა და არუნას ტურსას მიუძღვით.
პატივისცემით,
გვანცა ტაბაღუა, ექიმი-სტომატოლოგი, დოქტორანტი, „რადიქსის“ გენერალური მდივანი