2015 წელი, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია შეუერთდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქციას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი” და 2015 წლის 24 იანვარს, C ჰეპატიტის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისა და პრევენციის პროგრამის ფარგლებში, კონფერენცია “სტომატოლოგია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში” ჩაატარა.
კამპანიას შეუერთდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსიც“ და კონფერენციის მონაწილეებს, „რადიქსის“ ვიცე პრეზიდენტმა, გვანცა ტაბაღუამ ორგანიზაციის სამი გზავნილის წარუდგინა:
- ავამაღლოთ ცნობიერების დონე C ჰეპატიტის შესახებ!
სამეცნიერო სემინარების, ლექციების, ტრენინგების მეშვეობით, როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის, როგორც დაავადების შესახებ. ამ მიზნით სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი 2015 წელს დაგეგმილ ყველა სამეცნიერო ღონისძიებაზე დროს C ჰეპატიტის ირგვლივ საგანმანათლებლო შემეცნებით ლექციას დაუთმობს.
- ინფექციური კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემუშავება სტომატოლოგიურ დაწესებულებებში!
ინფექციური დაავადებების ეფექტური კონტროლის მიზნით სტომატოლოგიურ დაწესებულებებში პირველ რიგში აუცილებელია პირველადი პრევენციული ღონისძიებების მკაცრი დაცვა, რაც მოიცავს სტომატოლოგიური მანიპულაციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას, როგორც ექიმი სტომატოლოგისთვის ისე პაციენტისთვის.
ასევე, ეფექტური იქნება არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების პროფესიონალებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც სტომატოლოგიურ დაწესებულებებს ინფექციური კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით კონსულტირებას გაუწევენ.
რადიქსი შექმნის ელექტრონულ ცნობარს, სადაც ყველა იმ სტომატოლოგიური კლინიკის შესახებ განთავსდება ინფორმაცია, რომლებიც ინფექციის კონტროლის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ. სერვერი ერთის მხრივ მოსახლეობას დაეხმარება, მოიძიოს სანდო და მისთვის სასურველი სტომატოლოგიური კლინიკა და მეორეს მხრივ, გაზრდის სტომატოლოგიური კლინიკების მოტივაციას, დახვეწონ ინფექციის კონტროლის მექანიზმები.
- C ჰეპატიტი არის დაავადება, რომელიც იკურნება – ერთად დავძლიოთ სტიგმა და თვითსტიგმა!
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი „ჩვენ ერთად დავამარცხებთ C ჰეპატიტს“, იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს ც ჰეპატიტით დაავადებულ პირთა ხელმისაწვდომობა დაავადების მკურნალობაზე და დაძლეული იქნას დაავადების ირგვლივ არსებული სტიგმა და თვითსტიგმა.