თეა ნაცვლიშვილი – პირველი ქართველი სტომატოლოგი EuroPerio-ს ექსპერტთა სესიაში
ვენა, ავსტრია — 2025 წლის EuroPerio 11-ის ფარგლებში, რომელიც პაროდონტოლოგიის სფეროს ყველაზე მასშტაბური და საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო კონგრესია, რადიქსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თეა ნაცვლიშვილმა წარმატებით წარადგინა მოხსენება ექსპერტთა სესიის ფარგლებში. იგი გახდა პირველი ქართველი სტომატოლოგი, რომელმაც აღნიშნულ სესიაში მონაწილეობა მიიღო სპიკერის სტატუსით.
EuroPerio 11 ტარდება ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაციის (EFP) ორგანიზებით და სამ წელიწადში ერთხელ აერთიანებს ათასობით დარგის სპეციალისტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თეა ნაცვლიშვილის მოხსენება შედგა ისეთ საერთაშორისო ავტორიტეტებთან ერთად, როგორებიც არიან პროფესორები ფილიპო გრაციანი, დაჰმარ ელზა სლოტი და მატეო ბასო.
საქართველო წარმოდგენილი იყო მრავალმხრივი პროფესიული აქტივობით.
- საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ანი თავრთქილაძემ, კონგრესის ოფიციალურ გახსნაზე საქართველოს დროშა წარადგინა;
- სალომე ჯმუხაძემ, კომპანია კურასპეტის სახელით, ჩაატარა კლინიკური ვორქშოფი;
- თათია ქოჩლაძე სამეცნიერო პოსტერების სესიის ერთ–ერთი მოდერატორი იყო.
აღნიშნული მონაწილეობა ხაზს უსვამს საქართველოს სტომატოლოგიური საზოგადოების მზარდ პროფესიულ ჩართულობას ევროპულ და გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.