ელენე დარიანი - ქალი პაოლოს უკან

რადიქსმა, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი „ელენე დარიანი – ლეგენდა თუ სინამდვილე“.

პროექტის მიზანია, XX  საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი პოეტის, ელენე დარიანის ლექსების ჭეშმარიტი ავტორის ვინაობის შესახებ კვლევის წახალისება. ელენეს სახელს ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი პირველი ეროტიკული ლექსების ავტორობა უკავშირდება.  სავარაუდოდ,  რომ არა გენდერული ნიშნით მისი დისკრიმინაცია, იგი შეიძლებოდა გამხდარიყო ქალური ეროტიკული პოეზიის ფუძემდებელი საქართველოში.

ელენე ბაქრაძე, რომელიც თავისთავად იყო პოპულარული და პატივსაცემი პიროვნება XX საუკუნის დასაწყისის ქართულ საზოგადოებაში, ყოველთვის მოიაზრებოდა დარიანული ციკლის ლექსების სავარაუდო ავტორად. როგორც მკითხველთა, ასევე მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ამ ლექსების ავტორი ელენე ბაქარაძეა (ქართველიშვილი – ბერიშვილი).

დარიანული ციკლის ლექსები სახალხოდ პირველად პაოლო იაშვილმა ქუთაისში წაიკითხა, რასაც საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. იმდროინდელი პრესა იუწყება, რომ მსმენელის ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა და შერაცხმყოფელი ეპითეტებიც არ დაიშურა. პირველი ლექსების გამოჩენას, საზოგადოების დიდი ნაწილი, უარყოფითად შეხვდა. პაოლო კითხულობდა ელენე დარიანის ლექსებს, მაგრამ არასდროს დაუზუსტებია, თუ ვინ იდგა ამ ფსევდონიმის უკან.

XX საუკუნის დასაწყისის საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ქალი ეროტიკული ბუნებით. სწორედ ეს გახდა მიზეზი, ავტორის გასაიდუმლოებისა. 1925 წლამდე ამ ლექსების ავტორის  ვინაობა მხოლოდ ეჭვების დონეზე იყო. 1924 წელს დარიანული ციკლის ბოლო, მეთორმეტე ლექსი დაიბეჭდა ჟურნალ ,,მეოცნებე ნიამორებში“. პარალელურად ქვეყნდება ელენე ბაქრაძის ლექსები, პუბლიცისტური წერილები და თარგმანები.

1937 წელს  პაოლო იაშვილი ისე გარდაიცვალა, არსად უთქვამს, ვინ იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის  უკან. არაფერი შეცვლილა 1959 წლამდე, როცა შალვა დემეტრაძემ გამოსცა პაოლო იაშვილის ლექსების პირველი კრებული, სადაც შევიდა დარიანული ციკლის ლექსები – პაოლო იაშვილის ხელმოწერით. ელენე ბაქრაძის პირადი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მას მიუმართავს შალვა დემეტრაძისთვის და უთხოვია საავტორო უფლებების დაცვა, მაგრამ, იმ პერიოდში, ეს ვერ მოხერხდა, რადგან გასათვალისწინებელია იმ დროის ქართული საზოგადოების ზნეობრივ – იდეოლოგიური პოზიცია. ეს ის პერიოდია, როცა ლავრენტი ბერიასა და სტალინის გარდაცვალების შემდეგ, იწყება 1937 წლის სისხლიანი მოვლენების მსხვერპლთა რეაბილიტიაცია. მათ შორის იყო პაოლო იაშვილი და, ზოგადად, ქართული საზოგადოება მგრძნობიარეა ნაციონალურ საკითხებზე. შეგვიძლია ვივიარაუდოთ, რომ ეს პერიოდი არახელსაყრელია ელენე ბაქრაძის, როგორც ეროტიკული ბუნების ლექსების ავტორის, რეაბილიტაციის დასაწყებად.

ამის შემდეგ, ელენე ბაქრაძე არის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ჰყავს ოჯახი, უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაკარგა მხედველობა და როგორც თავის ჩანაწერებში ამბობს, იშვიათად, მაგრამ როცა საუბრობდა თავის თავზე, როგორც დარიანული ლექსების ავტორზე, ძალიან არადამაჯერებელი იყო, რადგან თემამ აქტუალობა დაკარგა. ლექსები უკვე იმდენად მიეწერა პაოლო იაშვილს, რომ სხვა ავტორის დაშვება, თავისთავად იყო შეუძლებელი.

90-იანი წლების ბოლოს იმ აზრის გაჟღერება, რომ დარიანული ციკლის ლექსების ავტორი შესაძლებელია ყოფილიყო არა პაოლო იაშვილი, არამედ სხვა, დამოუკიდებელი ავტორი და ისიც ქალი, ისეთივე სკანდალური და მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც საუკუნის დასაწყისში ამ ლექსების პირველი გამოჩენა.

XX საუკუნის ბოლოს პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მან მიაგნო ელენე ბაქარაძის (ქართველიშვილი – ბერიშვილი) პირად არქივს, საიდანაც ირკვევა, რომ სწორედ ელენე ბაქრაძეა დარიანული ციკლის ლექსების ავტორი, რამაც ქართველი მწერლების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ბევრისთვის ისევ შეურაცხმყოფელი იყო ეროტიკული ბუნების ქართველი პოეტი ქალის არსებობა. მეცნიერების ორ დაპირისპირებულ მხარედ გაყოფამ გამოიწვია ის, რომ ვერ მოხერხდა კვლევის ჩატარება. თემა დისკუსიების დონეზე გაიყინა.

ლექსების ნამდვილი ავტორის ვინაობის გარშემო დავა დღესაც მიმდინარეობს. შეგროვებული საარქივო მასალებთ, 2012 წლის შემოდგომას, ლიტერატურის მუზეუმში გამოიფინა. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენი მიზანია, ბიძგი მივცეთ კვლევების განახლებას. შეგროვებული მასალა დაეხმარება მეცნიერებს, დაასრულონ კვლევა და გაარკვიონ დარიანული ციკლის ლექსების ნამდვილი ავტორი. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, ელენე დარიანის შესახებ დისკუსიების განახლება, სტიმულს მისცემს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ საინიციატივო ჯგუფებს, მოიძიონ ასეთი ქალების ისტორიები. ჩვენი სურვილია, წინ წამოვწიოთ შემოქმედი ქალბატონები და ელენე დარიანის მსგავსი პერსონაჟების რეაბილიტაციის სურვილი სხვებსაც გავუჩინოთ.
გარდა იმისა, რომ პროექტმა საშუალება მოგვცა, ელენე დარიანის შესახებ დისკუსიები განვაახლოთ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი გახდა ელენე ბაქრაძის, როგორც მეოცე საუკუნის საინტერესო და მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწის ან, უბრალოდ, საინტერესო და იმ დროის მეტ-ნაკლებად პოპულარული ქალბატონის ცხოვრების შესახებ.

2012 წლის ბოლოს, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, შეგროვებული მასალის გამოფენა გაიმართა. გამოიცა კრებული და ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია.

ელენე დარიანი და 50 ქალი საქართველოდან. დისკუსია ბათუმში

ბათუმის “პრესკაფეში” ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ გამოცემული ბარათების “50 ქალი საქართველოდან” და სამეცნიერო კვლევითი ცენტრ…

დაწვრილებით

ელენე დარიანის ცისფერი ლეგენდა

რადიქსი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს…

დაწვრილებით