ძვირფასო კოლეგებო,
ჩემთვის დიდი პატივია, მოგახსენოთ დსთ-ს ქვეყნების სტომატოლოგების მე-11 კონგრესის შესახებ.
დსთ-ს სტომატოლოგების კონგრესი აერთიანებს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და თურქმენეთის სტომატოლოგიურ ასოციაციებს, რათა ხელი შეეწყოს უწყვეტ სტომატოლოგიურ განათლებას და პროფესიულ განვითარებას.
როცა პირველად დავესწარი ამ კონგრესს, ჯერ კიდევ 2007 წელს, გახლდით თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის სტუდენტი. მაშინ კონგრესი კუშადასში (თურქეთი) ჩატარდა და სერგეი რადლინსკის ასისტენტი ვიყავი მის ერთ-ერთ მასტერ კლასზე.
6 წლის შემდეგ, 2013 წელს კი ამავე კონგრესზე მიმიწვიეს, როგორც საპატიო სპიკერი და თერაპიული სექციის მოდერატორი. დსთ-ს სტომატოლოგების მე-11 კონგრესი 15-17 მაისს ალმა-ატაში (ყაზახეთი) ჩატარდა. კონგრესის დამსწრე საზოგადოება გაეცნო სტომატოლოგიის უახლეს მიღწევებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პრევენციულ სტომატოლოგიას და სტომატოლოგიური დაავადებების პირველად პროფილაქტიკას.
ლექცია, რომელიც მე წარვადგინე „ადჰეზიური სტომატოლოგიის მიღწევები“ დაფუძნებულია ჩემ სადოქტორო ნაშრომზე. გარდა ამისა, მეორე პრეზენტაციაც მოვახსენე „ქირურგიისა და დენტალური იმპლანტოლოგიის“ სექციაზე, სადაც განვიხილე პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელოვანი ასპექტები დენტალური იმპლანტების მქონე პაციენტებისათვის. ორივე პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და გამოიწვია საინტერესო დისკუსიები.
სამეცნიერო პროგრამასთან ერთად, ჩატარდა ERO-FDI-ის (მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის ევროპული რეგიონული ინტეგრაციის) სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ამ სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანია მისი წევრი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული ინტერესების გათვალისწინება, რათა გაუმჯობესდეს სტომატოლოგიური სერვისები. ამ ტიპის ინტეგრაცია იძლევა სტომატოლოგიური განათლების და პრაქტიკის გაუმჯობესების საშუალებას. შეხვედრას რეგულარულ წევრებთან – დსთ-ს ქყვეყნების სტომატოლოგიური ასოციაციების პრეზიდენტებთან, ერთად საპატიო სტუმრები – მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი დრ. ორლანდო მონტეირო და სილვა და დრ. მიშელ არდენიც ესწრებოდნენ.
კონგრესის პარალელურად, ალმა-ატაში ჩატარდა სტომატოლოგიური გამოფენა, სადაც სასიამოვნო სურპრიზი იყო ჩვენ ქართველ კოლეგებთან, ნათია რუსაძესთან და ინგა მეურმიშვილთან შეხვედრა. ნათია სტომატოლოგიურ მწარმოებელ Dentsply-ს წარმოადგენდა, ხოლო ინგა კი ტრადიციულად Colgate-Palmolive-ს. ნათია რუსაძე კლინიკა “Рахат”-ის სასწავლო ცენტრში ატარებდა მასტერ-კლასებს თემაზე “ფრონტალური კბილების მოდელირების ალგორითმი”.
მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს დრ. საულე ესემბაევას დაპატიჟებისა და თბილი მიღებისათვის. ასევე მივულოცო კონგრესის წარმატებული ჩატარება. ბოლოს კი მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, შეუერთდნენ მომავალ კონგრესს, რომელიც ერევანში (სომხეთი) ჩატარდება.
მარიამ მარგველაშვილი,
სტომატოლოგი, მეცნიერების მაგისტრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.