სიახლეები


2010 წლის 9-10 ივლისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ს მხარდაჭერით, ქ. ბათუმში, სასტუმროში “ინტურისტ პალასი” საქართველოს სტომატოლოთა ასოციაციის VI საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. კონგრესს 300-ზე მეტი სტომატოლოგი ესწრებოდა, როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ისე უცხოეთიდან. კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ბ-ნი ლევან ანთაძე.

კონგრესში მონაწილეობდნენ: დ-რი ა. ზორიანი (აშშ ), დ-რი ე. მენდოზა (იაპონია), დ-რი ა. შტერენბერგი (კანადა), პროფ. ი. ჩუმაკოვა (უკრაინა), პროფ. ი. მაზური (უკრაინა), დ-რი მ. უგრინი, დ-რი ო. პრიტულა (უკრაინა), დ-რი ნ.ა. იუდინა (ბელორუსია), პროფ. ა. მერსელი (ისრაელი), დ-რი ა. მარგველაშვილი (შვეიცარია), პროფ. ჰ. შნორბახი (გერმანია), პროფ. მ. ზოიბელმანი (გერმანია), დ-რი ა. შლინდვაინი (გერმანია), დ-რი ნ. ბატიუკოვი (სანქტ-პეტერბურგი), დ-რი ჰ. ასადოვი, დ-რი ე. მუსაევი, დ-რი ზ. ალიევი (აზერბაიჯანი), დ-რი ი. სულეიმანოვი (აზერბაიჯანი), დ-რი ლ. კოჭლაშვილი (საქართველო).

სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა ენდოდონტიური მკურნალობის საკითხებს, რესტავრაციებს სტომატოლოგიაში VII თაობის კომპოზიტებით, ადგილობრივი ფაქტორების როლს პაროდონტიტისა და პერიიმპლანტიტის განვითარებაში, დენტალური იმპლანტაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს, დენტინის ჰიპერმგრძნობელობას, თანამედროვე CAD/CAM სისტემის უპირატესობებს ორთოპედიულ სტომატოლოგიაში, პროფილაქტიკას ბავშვებსა და მოზარდებში ცვლადი თანკბილვის პერიოდში, ყბა-სახის მიდამოს ანომალიების პლასტიკური რეკონსტურქციის თანამედროვე მეთოდებს და ყბის დეფორმაციის მქონე პაციენტების ორთოდონტიულ მომზადებას ქირურგიული მკურნალობისთვის..

კონგრესის გახსნისას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი მენაბდემ პროფესორ მ. ზოიბელმანს (გერმანია) და პროფესორ ჰ. შნორბახს (გერმანია) გადასცა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრის დიპლომები თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. აზერბაიჯანის სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა იგბალ სულეიმანოვმა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი მენაბდე აზერბაიჯანის სტომატოლოგთა ასოციაციის ნამდვილ წევრად აირჩია და მას საპატიო სიგელი გადასცა.

კონგრესის პარალელურად, გაიმართა სტომატოლოგიური მასალებისა და დანადგარების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კომპანია: “დენტალ- ჯორჯია”, “ელკამედი”, “ეს-თი-ეს-ჯი”, “უ-იმპლი”, “ჰეფი თრეველი” , “ოსტემი”.