ბათუმის “პრესკაფეში” ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ გამოცემული ბარათების “50 ქალი საქართველოდან” და სამეცნიერო კვლევითი ცენტრ “რადიქსისა” და ლიტერატურის მუზეუმის პროექტის – “ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან” პრეზენტაცია გაიმართა.
დისკუსია “პრესკაფეში” 22 ივლისს, 6 საათზე დაიწყო. მსმენელს საშუალება ჰქონდა, ბარათებზე დატანილ ინფორმაციას გასცნობოდა და ელენე დარიანის შესახებ ინფორმაცია დისკუსიის მომხსენებელისგან, ზურაბ ალხანიშვილისგან მიეღო.
დისკუსია ელენე ბაქრაძეს მიეძღვნა – მის შემოქმედებას, საზოგადოებრივ აქტივობებს, პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებს, თავგადასავლებს. პრესკაფეს სტუმრებმა ელენეს ბაქრაძის არქივში დაცული საინტერესო დოკუმენტების და პიროვნებების ისტორიებიც მოისმინეს. მათ შორის – პანტელეიმონ პეტრენკოს ბიოგრაფია_ გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე უკრაინელი მხატვარი, რომელიც საქართველოში, ელენე ბაქრაძისა და შალვა ქართველიშვილის ოჯახთან მეგობრობდა და ახალგაზრდავე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. თავად შალვა ქართველშვილის საინტერესო ბიოგრაფია, რომელიც ვანო მაჩაბლის შვილი გახლდათ. პაოლო იაშვილის ცხოვრებისეული ისტორიები და სხვა.
მსმენელთა ინტერესი ელენე დარიანის ფსევდონიმის ისტორიამ გამოიწვია. დისკუსია ელენე ბაქრაძის დარიანობას შეეხებოდა.
საღამოს ორგანიზებას გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე უწევდა.
იხილეთ “ნეტგაზეთის” სტატია “პრესკაფემ ელენე დარიანის შესახებ დისკუსიას უმასპინძლა”