გამოფენა: “ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან”

ელენე დარიანის ამბავი ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ისტორიაა ქართულ ლიტერატურაში.

ელენე ბაქრაძეელენე დარიანის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ლექსებს იცნობს მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურით დაინტერესებული ყველა ადამიანი. 50იანი წლებიდან მოყოლებული ოფიციალურად მიიჩნევა, რომ ქართული ლიტერატურისთვის თავისუფლებითა და ეროტიულობით სრულიად გამორჩეული ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია. დარიანული ლექსების ავტორი რომ ქალია, პირველად ღიად ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა დაწერა გასული საუკუნის მიწურულს და სასტიკი კრიტიკაცმოიმკა. ბევრმა პაოლო იაშვილის შეურაცხყოფადაც კი მიიღო მისი ავტორობის ეჭვქვეშ დაყენება, არადა თვითონ პაოლოს არადროს განუცხადებია, რომ „დარიანული ციკლის“ ლექსები მისია. პოეტს ამით ჩრდილი არ ადგება, პირიქით, მეტ რომანტიულ ელფერს სძენს მის პიროვნებას. პაოლოს რეაბილიტაციის შემდეგ, 1955 წელს გამოცემულ პირველ კრებულში შემდგენელმა შალვა დემეტრაძემ დარიანის ლექსებიც შეიტანა წიგნში. მას შემდეგ ეს ლექსები გამოცემიდან გამოცემაში გადადის.

ლიტერატურის მუზეუმის გამოფენა ეძღვნება ელენე ბაქრაძეს (პირველი ქორწინების შემდეგ – ბერიშვილი და მეორე ქორწინების შემდეგ – ქართველიშვილი), რომელსაც 10-იან და 20-იან წლებში ვიწრო წრეში იცნობდნენ, როგორც ელენე დარიანს. ელენე ბაქრაძეს ეკუთვნის, 50იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენიმე მოგონება, რომელშიც ის აღწერს, თუ როგორ შედგა მას და პაოლო იაშვილს შორის ლიტერატურული თანამშრომლობა, როგორ წერდა ელლი ლექსებს და როგორ არედაქტირებდა მათ პაოლო.

გამოფენა დამთვალიერებლებს პირველად მისცემს საშუალებას, გაეცნონ ამ არა მხოლოდ საიდუმლოებით მოცულ ისტორიას, არამედ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ სასიყვარულო ამბავსაც.

იმედია, ჩვენი გამოფენა ჯანსაღ ინტერესს გამოიწვევს ლიტერატურულ საზოგადოებაში და ბიძგს მისცემს სერიოზულ, დასაბუთებულ დისკუსიას დარიანული ლექსების გარშემო.

გამოფენის დათვალიერება უფასოა.

გამოფენა ორგანზებულია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” და საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ “ქალთა ფონდი საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნა: 28 ივნისი, 18 საათი. გიორგი ჭანტურიას #8. ლიტერატურის მუზეუმი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>